წელს პირველად, წიგნების დისტრიბუციის პროცესში საქართველოს ფოსტა ჩაერთო. სურვილის შემთხვევაში, მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფოსტის ვებ-გვერდის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად გამოიწერონ სასწავლო სახელმძღვანელოები, კურიერი წიგნებს მათ სახლში მიუტანს.
ახალი სერვისით უკვე მრავალმა ოჯახმა ისარგებლა. ერთ-ერთ პირველ შემკვეთს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი სახლში ეწვივნენ და თავად დაესწრნენ კურიერის მიერ მათთვის წიგნების გადაცემის პროცესს.
ოჯახმა სამინისტროს მიერ გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტის ,,სასკოლო სახელმძღვანელოების’’ მიხედვით არჩევანი გააკეთა და საჭირო სახელმღვანელოები საქართველოს ფოსტის მეშვეობით გამოიწერა.
საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობა დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. წელს პირველად საქართველოს ფოსტა ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას. 14 სექტემბრამდე წიგნებს სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე მიიღებს.