02.09.2011
საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, სახლიდან გაუსვლელად, სასწავლო სახელმძღვანელოების გამოწერა რეგიონების მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია. ფოსტის მომსახურებით უკვე საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია ისარგებლოს. ახალი სერვისით დაინტერესებულ მშობლებს საშუალება აქვთ სამინისტროს მიერ გამოცემული სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტის ,,სასკოლო სახელმძღვანელოების’’ მიხედვით გააკეთონ არჩევანი და გამოიწერონ საჭირო სახელმღვანელოები. კურიერი წიგნებს მათ სახლში მიუტანს. სერვისი უფასოა.
ახალი სერვისით თბილისის გარდა რაიონებშიც მრავალი ოჯახი დაინტერესდა. ერთ-ერთ მათგანს სოფელ მისაქციელში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და საქართველოს ფოსტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ბაინდურაშვილი სახლში ეწვივნენ და თავად დაესწრნენ კურიერის მიერ მათთვის წიგნების გადაცემას.
საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობა დადებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. წელს პირველად საქართველოს ფოსტა ასევე უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების დარიგებას. 14 სექტემბრამდე წიგნებს სოციალურად დაუცველი ყველა მოსწავლე მიიღებს.