ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლისა და სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს დიმიტრი შაშკინი გაეცნო.
რეგიონული ცენტრების გაძლიერება სამინისტროსთვის პრიორიტეტულია, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ქობულეთის პროფესიულ კოლეჯს ძლიერ სასწავლო ბაზასა და ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, ჰქონდეს კომფორტული საერთო საცხოვრებელი, რომელიც მაღალმთიანი აჭარიდან, გურიიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სვანეთიდან 300-მდე სტუდენტს მოემსახურება.
თანამედროვე სასტუმრო საშუალებას მისცემს სასწავლებელს ორგანიზება გაუკეთოს საერთაშორისო კონფერენციებს, ტრენინგებს, სემინარებს. ცენტრში სისტემატიურად ჩამოდიან უცხოელი სპეციალისტები, ტურიზმის დარგის კონსულტანტ-ექსპერტები, ხდება სტუდენტთა გაცვლა. ცენტრში საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაციასთან ერთად დამატებით 30 კლასკაბინეტიც გაკეთდება. საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო გარემო გაზრდის კვალიფისიური კადრების მომზადების დონეს, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
ქობულეთის პროფესიულ კოლეჯში ,,ახალი ტალღა” ძირითადად ტურიზმის მიმართულებით ხდება მსურველთა გადამზადება: ტურიზმის ბიზნესი, სასტუმროს მენეჯერი, ტუროპერატორი, ბარის მენეჯერი, მიმტანი, სასტუმროს მომსახურე პერსონალი, სასტუმროსა და სარესტორნო ტექნიკის შემკეთებელი, კვების ობიექტის მენეჯერი, მზარეულ-კონდიტერი, უცხოენოვანი გიდი (დას. საქ. რეგიონის), პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი და ოპერატორ-ინსტრუქტორი.
ცენტრში განახლებული პროგრამებით გადამზადებულ სტუდენტთა 70% უკვე დასაქმებულია სასტუმროებში: ”შერატონ ბათუმი”, ”რედისონი”, ”ჯორჯიან პალასი”, ”პიაცა”, ”ბონი”, ”ოაზისი”, ”ელბაკური”, ”სავანე” და სხვა.