სამთავრობო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სასკოლო სახელმძღვანელოები პირადად გადასცა.
მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ ყველა მოსწავლეს სწავლის თანაბარი პირობები ჰქონდეს, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახების მოსწავლეებს სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს.
მწითურების ხუთშვილიანი ოჯახიდან ოთხი თბილისის №45 საჯარო სკოლაში სწავლობს და არა მხოლოდ სწავლით გამოირჩევიან, სპორტითაც არიან დაკავებულნი. მათგან ორი ძმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ჭიდაობაში მრავალგზის ჩემპიონია. ხოლო ორი გოგონა ოლიმპიური რეზერვის სკოლაში ტანვაჯიშში მეცადინეობენ.
მშობლების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა ხელმოკლე ოჯახებზე ზრუნავს, რადგან წიგნების უსასყიდლოდ გადაცემა ოჯახისთვის სერიოზული შეღავათია.
გასულ წელს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმძღვანელოები ყველა იმ მოსწავლეს გადაეცა, ვისი სარეიტინგო ქულაც 57 000 იყო. 2011-2012 სასწავლო წელს კი, სახელმძღვანელოები I-VI კლასის იმ მოსწავლეებს გადაეცემათ, ვისი სარეიტინგო ქულაც 70 000-ია. ხოლო, VII-XII კლასის მოსწავლეებს სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები 57 000 სარეიტინგო ქულის შემთხვევაში გადაეცემათ.
სახელმძღვანელოები მომავალში სკოლის ბიბლიოთეკებში დარჩება და მის გამოყენებას შემდგომში სხვა ბავშვებიც შეძლებენ.