08.09.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კომპანია ”ჯეოსელი” ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სტუდენტურ აქციას იწყებს. აქციის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში არსებულ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტები ჯეოსელ-კონექტს სპეციალურ ფასად (59 ლარი ნაცვლად 79-ისა) შეიძენენ, მიიღებენ 1 გბ მობილურ ინტერნეტ-ტრაფიკს უფასოდ და ისარგებლებენ მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით (1მგ 0.1 ლარი).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და კომპანია ”ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა, სტუდენტურ აქციასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს.
ახალგაზრდებში ჯეოსელის უსადენო ინტერნეტ მოდემი, ჯეოსელ-კონექტი, დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ერთობლივი აქციის ორგანიზება.
ნოდარ სურგულაძის განცხადებით, აქცია ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ნაყოფიერების ამაღლებას, რადგან სტუდენტები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნებისმიერ დროს უზრუნველყოფილნი იქნებიან მაღალი სიჩქარის ინტერნეტით.