ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა არჩილ გეგენავამ მთაწმინდის რაიონის 40–მდე მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოები და კლასგარეშე ლიტერატურა გადასცეს.
თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას ასევე ესწრებოდა წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი მთაწმინდელი. მრავალშვილიანი ოჯახის მოსწავლეებს მამა გიორგი მთაწმინდელმა ამერიკელი თანატოლების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, ახალი სასწავლო წლისთვის სამინისტრო შესაბამისად ემზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მიმართ იჩენს, რადგან სამინისტროს მიზანია ყველა ბავშვს სწავლის თანაბარი საშუალება ჰქონდეს. ამიტომ, ასეთი ოჯახების მიმართ გამოჩენილი თანადგომა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასასრულს ქართველმა მოსწავლეებმა, ამერიკელ თანატოლებს მადლობის წერილები მისწერეს.