საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით
საქართველოს ყველა რეგიონის 200-მდე
პედაგოგს შეხვდნენ.
პედაგოგებთან შეხვედრაზე ყველა ის სიახლე განიხილეს, რომელიც 2011-2012 სასწავლო წლისათვის განხორციელდა და მომავალში იგეგმება. მინისტრი ისეთ თემებს შეეხო როგორიცაა: ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, გრიფირებული სახელმძღვანელოები, ახალი არჩევითი საგნები, ინგლისური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებული პროგრამით სწავლება, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და სხვა.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა პედაგოგებს მასწავლებლის სახლის კონცეფცია წარუდგინა, დაგეგმილი ტრენინგების შინაარსი გააცნო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზეც ესაუბრა.
სამუშაო შეხვედრაზე მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები მინისტრისათვის დაესვათ და ინფორმაციაც განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ პირადად მინისტრისაგან მოესმინათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.