საზეიმო ცერემონიალს მესტიაში საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, ეკონომიკის მინისტრი, ვერა ქობალია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლეიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა ახალი ობიექტები გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, სვანეთის აღმშენებლობა გახდება საფუძველი იმისა, რომ რეგიონში უახლოეს მომავალში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი და შემოსავალი გაჩნდეს.
2015 წლის მოდერნიზების გეგმის შედეგად სვანეთში მინიმუმ ნახევარი მილიონი ტურისტი ჩავა და რეგიონი წლის ნებისმიერ დროს ტურისტებით
დატვირთული იქნება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შემოსავლებს გაუჩენს.
სვანეთში უიმედობა და სიღარიბე დასრულდება
– ამბობს პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილმა ახლადგახსნილი ჰოსტელის
ტიპის სასტუმროც მოინახულა. სასტუმროში ერთდროულად
46 სტუმარს შეუძლია გაჩერება. პირობები და ფასი ტურისტებისთვის ხელმისაწვდომია. ერთი ღამის გათევა 20 ლარი ღირს. სტუმრები კომფორტულ და მშვიდ გარემოში შეძლებენ დასვენებას.
მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო სახლში ვარდების რევოლუციის კუთხე გახსნა.
მესტიაში ახალი, 136-კილომეტრიანი საავტომობილო გზაც აშენდა. დაგებულია ცემენტო-ბეტონის საფარი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ დაზიანდება.
ზუგდიდიდან მესტიამდე ჩასვლა 8 საათის ნაცვლად 2 საათშია შესაძლებელი. აშენდა ორი გვირაბიც. ავტოსატრანსპორტო გვირაბები თანამედროვე სტილისაა, ტრასაზე დამცავი ჯებირები და საგზაო ნიშნებიც გაკეთებულია. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამუშაოებზე 1500 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა. ახალი გზა საქართველოს პირველმა პირმა ავტომობილით თავადაც გაიარა.
საქართველოს პირველმა პირმა მესტიის
იუსტიციის სახლიც გახსნა. ქორწინების სახლი, აღსრულების ეროვნული ბიურო, ნოტარიუსი, სამოქალაქო
და საჯარო რეესტრი, იუსტიციის სასწავლო ცენტრი - მესტიაში ყველაფერი ერთ სივრცეში განთავსდა.
მოსახლეობის მომსახურებაზე ორიენტირებული და გარემოსთან ადაპტირებული იუსტიციის სახლის გამჭვირვალე შენობა გერმანელმა
არქიტექტორმა იურგენ მაიერმა დააპროექტა.
კონსტრუქციას აქვს მთის ფორმა და ის სვანეთის ერთიან არქიტექტურულ სტილში ჯდება. იურგენ მაიერს ეკუთვნის მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტის პროექტიც. მესტიის იუსტიციის სახლი პირველია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიხსნა და ეს ადგილი რეგიონში ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით შეირჩა.
ობიექტების გახსნის შემდეგ, პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ღია ცის ქვეშ სვანური კერძებიც დააგემოვნა. რის შემდეგაც, უკვე საღამოს მესტიაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. მესტიელი ახალგაზრდები ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტს დაესწრნენ. ასევე გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. საღამო გრანდიოზული ფოერვერკით დასრულდა.