საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამას ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის პირველი დონის ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა, რომლითაც არაქართულენოვანი მოსწავლეები ქართულ ენას შეისწავლიან.
ახალი სახელმძღვანელო აგებულია პედაგოგიკის თანამედროვე პრინციპებზე და დაფუძნებულია ენის კომუნიკაციურ სწავლებაზე. კომუნიკაციურ-ინტერაქტიული მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ენის სწავლების ტრადიციული მიდგომებისაგან და გაცილებით ამარტივების ენის შესწავლას.
წიგნი შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებისა და რეალურ საცხოვრებელ გარემოში, ყოფით სიტუაციებში მიმდინარე მოვლენების, საჭიროებების გათვალისწინებით. გრამატიკის სწავლებისას, აქცენტი კეთდება ე.წ. გამოყენებით, ანუ კომუნიკაციურ გრამატიკაზე.
გარდა აუდიო-ვიზუალური მასალებისა სახელმძღვანელოს თან ახლავს სპეციალური კომპიუტერული თამაშები, რომლებიც ჩაიტვირთება პირველკლასელებისთვის დარიგებულ ნეთბუკებში და ასევე განთავსდება სპეციალურ ვებ-გვერდზე (www.buki.ge).
2011 წლის ბოლომდე I-დან VI დონის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო გამოიცემა. 2012 წელს საბაზო-საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების დანარჩენი დონეები შეიქმნება.