საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც სოციალურად დაუცველ ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს უფასოდ ისწავლონ კერძო სკოლებში გრძელდება. ახალი სასწავლო წლიდან ბავშვთა სახლის მკვიდრი თორნიკე ტაბატაძე, სწავლას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მესამე კლასში გააგრძელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თორნიკე ახალ სკოლაში პირადად მიიყვანა და ის გარემო გააცნო, სადაც იგი ახალი სასწავლო წლიდან ისწავლის. დიმიტრი შაშკინმა თორნიკე ტაბატაძეს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
თორნიკე ტაბატაძე სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა და 2009 წლიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა - ,,მომავლის სახლში” ცხოვრობს. მის განათლებაზე ამიერიდან, კერძო სკოლის ხელმძღვანელობა იზრუნებს, მას კარგი სწავლისთვის ყველა პირობას შეუქმნიან. სკოლამ ასევე აიღო ვალდებულება სწავლის შეთავაზებასთან ერთად, უზრუნველყოს იგი სასკოლო წიგნებით, ფორმით, კვებითა და ტრანსპორტით.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც ნიჭიერ მოსწავლეებს პრესტიჟულ სკოლებში უფასოდ სწავლის საშუალება აქვთ 2010 წელს დაიწყო და მას პირველი სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“ გამოეხმაურა. მინისტრის მიერ ინიცირებულ პროექტს ამჯერად, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა შეუერთდა. ახალი პროექტის ფარგლებში არაერთ ნიჭიერ მოზარდს მიეცა საშუალება ესწავლა პრესტიჟულ სკოლაში იგივე პირობებში, რაშიც დანარჩენი მისი თანატოლები სწავლობენ.