საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა პრეზიდენტის მიერ პირველკლასელთათვის ნაჩუქარ კომპიუტერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში პრეზიდენტის საჩუქარი კომპიუტერი - ”ბუკი” დახვდა. სამწუხაროდ, რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ამ თემით სპეკულირება დაიწყო და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, თითქოს კომპიუტერები ბავშვების საკუთრება არ არის და მისი დაზიანების შემთხვევაში მშობელი ჯარიმის სახით 700 ლარს გადაიხდის. ინფორმაციამ მშობლებში გაურკვევლობა გამოიწვია.
ბრიფინგზე გიორგი ჩახნაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნეტ-ბუკი არის საჩუქარი და შესაბამისად, გადადის მოსწავლის საკუთრებაში. გასულ წელს, სკოლებში ამ პროგრამის პილოტირებისას, სამწუხაროდ, ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მშობლებმა კომპიუტერის მიღების მიზნით, ბავშვები საჯარო სკოლებში დაარეგისტრირეს და კომპიუტერის მიღების შემდეგ საბუთები კერძო სკოლებში გადაიტანეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დაწესდა ერთადერთი შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც თუ მოსწავლე სამი წლის განმავლობაში გადაწყვეტს საჯარო სკოლიდან კერძო სკოლაში გადასვლას, კომპიუტერი რჩება სკოლაში.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ კომპიუტერები არის საქართველოში დამზადებული და გააჩნია საგარანტიო ვადა. მისი დაზიანების შემთხვევაში, მშობელს შეუძლია მიაკითხოს კომპიუტერულ ქარხანას ”ალგორითმი”, სადაც დამზადდა კომპიუტრები და სადაც ყოველგვარი გადასახადის გარეშე მოხდება დაზიანებული კომპიუტერის შეკეთება.