საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა აშშ-ს ჯორჯიის უნივერსიტეტის (Georgia State University), კორნელის (Cornell University), ემორის (Emory University),პიტსბურგის (University of Pittsburg), ფლორიდის საერთაშორისო (Florida International University), კოლუმბიის ოლქის (University of District of Columbia), კენტუკის (University of Kentucky), ბირმინგემის ალაბამას (University of Alabama Birminghan) და სხვა 31 წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტის ფილიალის გახსნის საკითხი. უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა საუბრისას გამოთქვეს მზადყოფნა და ინტერესი საქართველოში, კერძოდ ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაფუძნებაში მონაწილეობის შესახებ.
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ძირითადი მიმართულებები იქნება ტექნოლოგიური, საინფორმაციო და საინჟინრო დისციპლინები. უნივერსიტეტი აღჭურვილი იქნება ამერიკული სტანდარტების შესაბამისი სათანადო ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებთან. სამომავლოდ უნივერსიტეტი გასცემს ბაკალავრის, მაგისტრის და, შესაძლოა, დოქტორის ხარისხს აღნიშნულ, პრიორიტეტად გამოცხადებული მიმართულებების განხრით.