პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე უცხოელი პედაგოგები დღეს კახეთს ეწვივნენ და რთველში მიიღეს მონაწილეობა. ასამდე მასწავლებელმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან პროფესიული კოლეჯის “აისი” ბაზაზე არსებულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს.
რთველის შემდეგ დაკრეფილი ყურძენი პედაგოგებმა სპეციალურად მათთვის მომზადებულ საწნახელში დაწურეს.
პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეცნობიან ქართულ ტრადიციებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მოხალისეები თავად გახდებიან საქართველოს კეთილი ნების ელჩები და მსოფლიოს ქართულ კულტურას გააცნობენ.
უცხოელი პედაგოგები საგანმანათლებლო საქმიანობის პარალელურად აქტიურად ეცნობიან ქართულ ტრადიციებს და თავადაც მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებებში.