საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროგარმაში ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’ მონაწილე პედაგოგებს შეხვდა. პრეზიდენტმა მათ მდინარე დურუჯის ხეობაში ”ილიას ტბის” მშენებლობა დაათვალიერებინა და საკუთარ ვენახში რთველში უმასპინძლა.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროექტი ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’ ამოქმედებულია.
პროგრამა ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერებაზეა ორიენტირებული.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში პედაგოგები უკვე წარგზავნილია. პროგრამის ფარგლებში, ისინი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწობას ეწევიან.
,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’ პროგრამაში მონაწილეთა მთავარი ფუნქცია ქართული ენის გაკვეთილებზე ადგილობრივ პედაგოგებთან თანამშრომლობა და ქართული ენის გაკვეთილების ჩატარებაა. გარდა ამისა, სხვა საგნების პედაგოგებს გაკვეთილების ბილინგვური მეთოდით წარმართვის პროცესშიც ეხმარებიან. პედაგოგები ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ და სახელმწიფო ენას მათაც ასწავლიან.
2011 წლის ბოლოსთვის პროგრამაში 500 მონაწილე ჩაერთვება.
პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სკოლებში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დააფინანსებს.
ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ. შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ და სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარონ.