საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სახელმწიფო პროგარამების ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის’’ და ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ მონაწილე ქართველ და უცხოელ პედაგოგებთან ერთად, კახეთს ეწვივნენ და რთველში მიიღეს მონაწილეობა.
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის “აისის” ბაზაზე არსებულ ვენახში დაკრეფილი ყურძენი პედაგოგებმა პრეზიდენტთან და მინისტრთან ერთად სპეციალურად მათთვის მომზადებულ საწნახელში დაწურეს.
რთველში პრეზიდენტი პროგრამის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე პედაგოგების ახალი ჯგუფის წევრებსაც გაესაუბრა. ეს ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ქართულ ენას ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ასწავლიან, ასევე ეხმარებიან სხვა საგნების პედაგოგებს გაკვეთილების ბილინგვური მეთოდით წარმართვის პროცესშიც. პედაგოგები ადგილობრივ ოჯახებში ცხოვრობენ და სახელმწიფო ენას მათაც ასწავლიან. პროგრამა სექტემბრიდან ამოქმედდა და უკვე საკმაოდ პოპულარულია.
ღია ცის ქვეშ მოწყობილმა ტრადიციულმა ქართულმა სანახაობამ უცხოელი სტუმრებიც მოხიბლა. მასწავლებელმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან ყურძნის დაწურვასთან ერთად თათარის მოდუღებასა და ჩურჩხელების ამოვლებაშიც მიიღეს მონაწილეობა. როგორც უცხოელმა პედაგოგებმა პრეზიდენტს განუცხადეს საქართველოში მათი მოღვაწეობა ორმხრივ სასარგებლოა, ისინი მდიდარი ტრადიციების მქონე ქვეყნის მოზარდებს ინგლისური ენის ცოდნის გაღმავებაში ეხმარებიან და თავადაც ეცნობიან აქამდე მათთვის ნაკლებადცნობილი ქვეყნის მდიდარ ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს.