განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა და 24-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გია მურღულიამ ჟურნალისტებს მასწავლებლის სახლი დაათვალიერებინეს. მედიასაშუალებების წარმოამდგენლებმა მასწავლებლის სახლში არსებული ლაბოატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ტრენინგოთახები დაათვალიერეს, რომლებშიც პედაგოგების გადამზადება უკვე მიმდინარეობს. მასწავლებლის სახლში ტრენინგები ერთმანეთის პარალელურად ყოველდღიურად 300-მდე პედაგოგს ჩაუტარდება. ჟურნალისტები პროფესიული უნარებისა და განათლების ფსიქოლოგიის, ფიზიკის, ბიოლოგიისა და ინგლისური ენის ტრენინიგებს დაესწრნენ და მასწავლებლებს პირადად გაესაუბრნენ. ფიზიკის ტრენინგი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ტარდება, რომელიც მასწავლებლის სახლს გერმანულმა კომპანია PHYWE-მა მასწავლებლის სახლს საჩუქრად გადასცა. ლაბორატორია ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის დანადგარებს აერთიანებს, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას იძლევა და ის მსოფლიოში ერთადერთია, რომელსაც მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ექსპერიმენტის ჩატარების სახელმძღვანელოც მოჰყვება, რაც დანადგართან დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას იძლევა. ლაბორატორია ორიენტირებულია სწავლების მეთოდებზე და სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე. PHTWE-ის ლაბორატორიები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება. საქართველოში ის პირველად შემოვიდა.
მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში მუშავობს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება-მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც მიიღებენ. აქვე მეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურის განხილვები ავტორების მონაწილეობით, უცხოელი და ქართველი ტრენერები ჩაატარებენ სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა საგნებში და განხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან.
აქვე ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც რომელშიც პედაგოგებისთვის კომპიუტერები და მათთვის საჭირო ყველა სახის წიგნია განთავსებული, მათ შორის სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებსა და დირექტორებს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მასწავლებლებს ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, მათ შორის არის ელექტრონული ბაზაც, რომელშიც ყველა წიგნია შეტანილი.
მასწავლებლის სახლში საბავშვო ოთახიც გაიხსნა, სადაც პედაგოგებს საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების მსვლელობისას საკუთარი შვილების დატოვება შეეძლებათ. ოთახი კომპანია Microsofti-ის მიერ კინექტის აპარატურითაა აღჭურვილი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ რეფორმად განისაზღვრა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული ზრდა, სწორედ ამ მიზნით წარმატებით განხორციელდა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც 2014 წლამდე ნებაყოფლობითია ყველა პედაგოგისთვის.
სერტიფიცირებული მასწავლებელი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 75 ლარს, ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სერტიფიცირებული პედაგოგი ხელფასზე დანამატის სახით იღებს 200 ლარს. სერტიფიცირებული პედაგოგების საუკეთესო 25% -ის ხელფასი კი წარმოადგენს 1000 ლარს. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს აგრეთვე, აქვთ შესაძლებლობა იმუშაონ მენტორ-მასწავლებლებად და მათ ხელფასზე დანამატი ექნებათ 180 ლარი.