13.10.2011
ახალ სასწავლო წელს საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედი საკვირაო სკოლები ახალი სასწავლო პროგრამებით და ახალი სახელმძღვანელოებით შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ საზოგადოებას უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლების ქართველი მოსწავლეებისთვის შექმნილი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს გეოგრაფიისა და საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები წარუდგინეს.
სახელმძღვანელოები იმ მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა, რომელიც უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებასა და სახელმძღვანელოების შექმნას ითვალისწინებდა.
სახელმძღვანელოები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საქართველოს გეოგრაფიასა და საქართველოს ისტორიაში ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც ახლავს მასწავლებლის მეთოდური სახელმძღვანელო და სამუშაო რვეული მოსწავლეებისთვის.
საკვირაო სკოლებისთვის აქამდე არ არსებობდა ერთიანი პროგრამა და მეთოდური მითითებები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული პროგრამები დაფუძნებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე და, ამავდროულად, გათვალისწინებულია საზღვარგარეთ არსებული საგანმანათლებლო გარემო.
სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები განთავსდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდებზე. ამ რესურსით სარგებლობა ყველა საკვირაო სკოლას შეუძლია.