ტურნირი, რომელშიც 10 საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, რამდენიმე ეტაპად გაიმართა. ტურნირში თითოეული სკოლიდან 20 საუკეთესო მონაცემების მქონე მეორეკლასელი მოსწავლე მონაწილეობდა, სულ 200 ბავშვი. მათგან 50 საუკეთესო ფინალში გადავიდა. გამარჯვებულ მოსწავლეებს კლუბი მომავალში უფასოდ მოამზადებს, ფინალში გადასული მოსწავლეები კი, გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ. შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს სიგელი გადაეცა.
2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე, ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება განხორციელდა, შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, გადამზადდა პედაგოგები, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, ამით პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახდა. სკოლებში სპორტის სხვადასხვა სახეობებში გაკვეთილები ტარდება, სკოლებს შორის იმართება ჩემპიონატები, მათ შორის ჩოგბურთშიც.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთან დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, თბილისის მასშტაბით 10 საჯარო სკოლა შეირჩა, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას ახორციელებს. ფედერაციამ შერჩეული სკოლები შესაბამისი სპორტული ინვენტარით აღჭურვა. გადაამზადა სპორტის მასწავლებლები და ორგანიზებას უწევს სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფედერაცია ეხმარება ყველა ჩოგბურთით დაინტერესებულ ნიჭიერ მოზარდს ძვირადღირებული სპორტის ეს სახეობა მისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში ჩოგბურთის სწავლების წახალისება და დანერგვა ქართული ჩოგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ანალოგიური ტურნირების ორგანიზებას საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებენ.