02.11.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა” თავმჯდომარემ მიხეილ დევდარიანმა და საქართველოში აივ პრევენციის დირექტორმა მამუკა ჯიბუტმა პროექტის "არჩევანი შენზეა" დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
ახალი პროექტი "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ორგანიზაცია "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა" ახორციელებს.
პროექტი განკუთვნილია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებისათვის და ითვალისწინებს მათ ჩართვას სხვადასხვა სახის ინტერნეტ კონკურსებში (ეროვნული კონკურსი "გააკეთე სწორი არჩევანი!", სლოგანების კონკურსი, ფოტოკონკურსი) და აქტივობებში (მოკლე თეატრალური წარმოდგენების კონკურსი და შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მარათონი).
კონკურსების მიზანია სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება; ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექციისა და მავნე ჩვევების (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ; ასევე მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების დახვეწა და განვითარება.
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.geoyouth.ge და გაეცნონ თითოეულ კონკურსში მონაწილეობის წესებს.
კონკურსებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით და სერტიფიკატებით. ასევე სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადაეცემათ სკოლების დირექტორებს და აქტიურ მასწავლებლებს. მარათონი და კონკურსებში გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 2011 წლის 10 დეკემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრში "მუზა".