საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი საიტი ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წარუდგინა.
www.eqe.ge სრულ ინფორმაციას მოიცავს სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესახებ. საიტის სტუმარს შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო მასალა მოიძიოს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ცენტრის კომპეტენციაში შედის და განათლების ხარისხის განვითარებასა და საგანმანათლებლო სისტემას ეხება. საიტზე დამთვალიერებელი გაეცნობა ცენტრის მიმდინარე აქტივობებს, პროექტებს, პროგრამებს და სამომავლო გეგმებს.
სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს - ავტორიზაციასა და აკრედიტაციას. ამასთან დაკავშირებით საჭირო რეკომენდაციები და რჩევები ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია საიტიდან მიიღოს, ახალ საიტზე ასევე ხელმისაწვდომია მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამები.
www.eqe.ge-ზე სრული ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ საქართველოში და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დადასტურების, ლეგალიზაცია-აპოსტილის, მობილობის, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევების კუთხით. აქვეა მომხმარებელთა მხრიდან ხშირად დასმული კითხვები, მოქმედებს Facebook-ის გვერდი. საიტზე განთავსებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების ბანერები.