მუხრანის N1 საჯარო სკოლას ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) სახელი მიენიჭა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური, პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა–მთიანეთის მხარეში ცეზარ ჩოჩელი, საქართველოში მყოფი ბური ფერმერები და სამხრეთ აფრიკის წამყვანი ტელეარხების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სოფელ მუხრანში იმ სახლში, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ნიკო ბაგრატიონი (ნიკო ბური), სამხრეთაფრიკელი ფერმერების ინიციატივითა და მხარდაჭერით, ნიკო ბაგრატიონის მემორიალური დაფაც გაიხსნა და ნიკო ბაგრატიონის ცხოვრების ამსახველი კუთხე მოეწყო. ამით ბურებმა პატივი მიაგეს 1899–1902 წლებში მათი თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი მამულიშვილის, ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) ხსოვნას.