სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი განათლების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა განვითარება, სტუდენტთა და მეცნიერთა ხელშეწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უმაღლესი სასწავლებლების თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდრტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ტექნოპარკების მოწყობას, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დანერგვას. სავალდებულო ხდება ინგლისური ენის ცოდნა, გაძლიერდა ზუსტი და საბუნებიმეტყველო საგნების სწავლება, ბათუმში გაიხსნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც მთავარი მიმართულებები საინჟინრო დისციპლინები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სოფლის მეურნეობა იქნება.
საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე მომხიბვლელია უცხოელი სტუდენტებისთვის, აქ მობილობით 2 000-ზე მეტი უცხოელი სწავლობს. ჩვენ სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, სამინისტროში მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უცხოეთში პრიორიტეტულ სპეციალობებზე სწავლება ფინანსდება. სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ჩართულ ბაკალავრებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბავშვებს სასკოლო საგნებს ქართულად ასწავლიან მაგსიტრატურაში სწავლას სახელმწიფო 100%-ით უფინანსებს, სწავლის ხელმისაწვდომობისთვის არსებობს სოციალური გრანტები, სტუდენტებს აქვთ დასაქმების საშულება და სხვ.