საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და საქართველოში ვატიკანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპო ჩამპანელიმ თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების უნიკალური გამოცემა წარუდგინეს და წიგნის რამდენიმე ეგზემპლიარი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს.
ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გამოცემა წმინდა საყდრის სადესპანოს (ვატიკანის საელჩოს) ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით მომზადდა. აღნიშნული პუბლიკაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საელჩოს მიერ დაიბეჭდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული გამოცემა წარმოადგენს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ორიგინალური ტექსტების თარგმანს თანამედროვე ქართულ ენაზე. პუბლიკაცია საქართველოს თითოეულ სკოლას საუჩქრად გადაეცა.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს გამოცემა ქართველ სტუდენტებს, მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ძველ ქართულ სასულიერო ლიტერატურასთან დააახლოვებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პუბლიკაციის მნიშვნელობას და იმ დიდ მისიას, რის გამოც სამინისტრომ აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირა.