საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ ქუთაისში პროფესიულ კოლეჯში ,,იბერია’’ დურგლის ახალი სასწავლო სახელოსნო გახსნეს. სახელოსნოს მშენებლობას საფუძველი 2011 წლის 9 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ჩაუყარა.
სახელოსნოს მშენებლობა პროფესიულ განათლებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. მშენებლობაში კოლეჯის სტუდენტები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. მათ მიერ შესრულდა სახელოსნოს თაბაშირ-მუყაოს ფურცლებით შემოსვისა და ღებვის სამუშაოები, სტუდენტებმა ასევე კეთილმოაწყვეს სახელოსნოს მიმდებარე ტერიტორია, მოაწესრიგეს კოლეჯის მწვანე საფარი. კოლეჯის სტუდენტების მონაწილეობით ასევე შესრულდა აუზის ფილებით მოპირკეთებისა და წყალგაყვანილობის სამუშაოები და მოეწყო განათება.
პროფესიული კოლეჯი ,,იბერია’’ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. UNDP – გაეროს განვითარების პროექტის ფარგლებში 9 პროგრამის მიხედვით პროფესიული გადამზადება გაიარა 105-მა სტუდენტმა, USAID-ის მიერ განხორციელებული პროექტის მიხედვით 6 პროფესიში გადამზადდა 1080 კაცი, ნორვეგიის დევნილთა საბჭოს – NRC-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში პროფესიული მომზადება გაიარა აფხაზეთიდან დევნილმა 17-დან 25-წლამდე ასაკის 252-მა ბენეფიციარმა.
პროფესიული კოლეჯი ,,იბერია’’ 2006 წლის ივნისს გაიხსნა. ოთხი სასწავლო წლის მანძილზე პროფესიულ კოლეჯში 2961 სტუდენტი ჩაირიცხა, მათთგან დასაქმებულია 1806 კურსდამთავრებული.