საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ფოთის პროფესიულ კოლეჯში ,,ფაზისი’’ ახალი სამკერვალო სახელოსნო გახსნა. სახელოსნო გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სამკერვალო ტექნიკით აღიჭურვა. სამკერვალოში დამონტაჟდა 31 საკერავი მანქანა, მათ შორის უნივერსალური მექანიკური დანადგარები, უნივერსალური ავტომატიზირებული საკერავი, საქარგავი და სპეციალური დანიშნულების მანქანები, მრგვალდანიანი საჭრელი, საუთოო მაგიდები, ვიდეოთვალი, Smart Board-ი და Smart podium-ი. სახელოსნოში თეორიული სწავლების განხორციელების მიზნით სამინისტრომ შესაბამისი პროგრამებით ჩატვირთული თორმეტი ერთეული კომპიუტერი შეიძინა.
პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისის’’ სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. კოლეჯი თანამედროვე ინვენტარით, ელექტრო და კომლიუტერული ტექნიკით აღიჭურვა, ასევე კეთილმოეწყო კოლეჯის ეზო. კოლეჯში სასწავლო და საწარმოო გარემოს შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი დონორმა ორგანიზაციებმა - გაეროს განვითარების პროგრამამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ.
დონორთა მხარდაჭერით საჭირო ტექნიკით აღიჭურვა შემდეგი სასწავლო სახელოსნოები: კერძოდ, გაეროს ეგიდით მოეწყო სადურგლოს, სანტექნიკოსისა და ელექტრიკოსის სახელოსნოები, ცისკოს ქსელური აკადემია. IOM–ის ეგიდით მოეწყო ელექტროშემდუღებლის, სამაცივრე მოწყობილობის შემკეთებლის სახელოსნო. ნორვეგიის დევნილთა საბჭოს მიერ დაფინანსდა რამოდენიმე მოთხოვნადი სპეციალობა დევნილთათვის და სოციალურად დაუცველთათვის.
პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი’’ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს და მსურველებს სთავაზობს მომსახურების, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროებში არსებულ სპეციალობებს.
ორი წლის მანძილზე კოლეჯში ჩაირიცხა 756 სტუდენტი. დასაქმებულია კურსდამთავრებულთა 52 %.