საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზელ ბიზნესმენებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც ჩვენი ქვეყანის განათლებისა და მეცნირების სფეროში მიმდინარეობს.
ყირგიზელი ბიზნესმენების საქართველოში ვიზიტის მიზანს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებისა და ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, უცხოელი სტუმრებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გაცნობა.
უცხოელი სტუმრები თითქმის ყველა სიახლით დაინტერესდნენ და თითოეულ მათგანზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს. ყირგიზელი ბიზნესმენებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო ის პროექტები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესებისა და სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების კუთხით განახორციელა.
ყირგიზეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ მგომარეობას და მეცნიერების განვითარების კუთხით დანერგილ პროექტებსაც გაეცნენ.
დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა ყირგიზელ ბიზნესმენებთან შეხვედრა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებთან წარმატებულ თანამშრომლობას სწორედ ის გარდაქმნები განაპირობებენ, რომელიც საქართველოში განხორციელდა.