2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ითარგმნა, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.
როგორც ცნობილია, შეიქმნა 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მთავარი დანიშნულება სასწავლო პროცესის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში მოქცევაა. ახალი გეგმა 2011-2012 სასწავლო წლიდან ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლ.) უკვე ამოქმედდა, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლ.) დაინერგება.
საქართველოს არაქართულენოვან სკოლებისა და სექტორების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლ.), ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის იმპლემენტაცია 2012-2013 სასწავლო წელს დაიწყება, ხოლო 2013-2014 სასწავლო წელს - საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლ.) დაინერგება.
შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრმა დაასრულა 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული). აღნიშნულ თარგმანზე იმუშავეს როგორც დარგობრივმა ექსპერტებმა, ასევე მოქმედმა პედაგოგებმა.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა ეროვნული უმცირესობების ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.