ლილოს დასახლებაში მდებარე №107-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა, შესრულებულ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო და ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები გახსნა.
სამინისტროს დაფინანსებით 2011 წლის ზაფხულში 107-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამი თანამედროვე სტანდარტების საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაკეთდა. სკოლაში, სადაც 1300-ზე მეტი მოსწავლეა, ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია სამივე საბუნებიმეტყველო საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) არსებობდეს საგნობრივი ლაბორატორიები, სადაც პარალელურად სამი კლასი იმუშავებს.
სამინისტრომ №107-ე საჯარო სკოლას უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიის სამი სრული კომპლექტი პროგრამა ”აინშტაინის” ფარგლებში გადასცა და პედაგოგებიც გადაამზადა.
სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა პირველკლასელთა კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის რესურსოთახი მოეწყო, გამოიცვალა და მოწესრიგდა სველი წერტილები და სხვა კომუნიკაციები, სკოლა აღიჭურვა ახალი მერხებითა, სასწავლო და საოფისე ინვენტარით. რეაბილიტაციის პროცესი ამჟამადაც სასწავლო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე 2012-2013 წელს ამ სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების, კომფორტულ სკოლაში ისწავლიან.
სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონებისა და დედაქალაქის პერიფერიებში არსებული სკოლების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ენიჭება.