12.12.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა სკოლის დირექტორთა მიერ ქრთამის აღების ფაქტები. დაკავებულები არიან გორის რაიონის სოფლების: ფლავისმანის, ნიქოზის, გარეჯვარის საჯარო სკოლების დირექტორები- გიორგი ქარელი, მარინე თარაშვილი, მიხეილ ბიბილაშვილი და გარეჯვარის სკოლის სამეურნეო ნაწილის ხელმძღვანელი სოფიო ჩალაური.
ზემოაღნიშნული პირები საჯარო სკოლების გათბობისთვის შეშით მომარაგების საკითხზე, დანაშაულებრივად გაურიგდნენ ერთ-ერთ ინდმეწარმეს. შეთანხმების თანახმად, ბრალდებულები მეწარმის საამქროდან შეიძენდნენ შეშას და მას სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჩაურიცხავდნენ შეშის ღირებულებაზე მეტი ოდენობის თანხას, შემდეგ ზედმეტად დარიცხული თანხის უკან დაბრუნება ქრთამის სახით მოხდებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას გამოძიება დაადგენს. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, იმისათვის, რომ საქართველოში განათლების სისტემა დარჩეს ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულად.
სამინისტრო არ დაუშვებს ბავშვებისთვის განკუთვნილი თანხების მითვისებას და ყველა ადამიანი, რომელიც ეცდება კორუფციულ გარიგებაში შესვლას მკაცრად დაისჯება.
გაცნობებთ რომ, წელს სამინისტრომ 40 მილიონი ლარით გაზარდა სკოლების ვაუჩერული დაფინანსება და არცერთი დანაკლისიანი სკოლა არ არსებობს, სკოლებს წინასწარ ეძლევათ კვარტალური დაფინანსება. ყველა სკოლას აქვს სახსრები, რომ უპრობლემოდ და გამართულად აწარმოოს სასწავლო პროცესი. სკოლების სამეურვეო საბჭოებს შეუძლიათ აქტიურად ჩაერთონ და გააკონტროლონ სკოლების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი.