13.12.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ”ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის” კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა. I ადგილზე გავიდა და 4 000 ლარი გადაეცა რუსთავის №17 საჯარო სკოლას, 3 000 ლარით დაჯილდოვდა II ადგილზე გასული ფოთის №15 საჯარო სკოლა, III ადგილი ორმა სკოლამ ქვედა ცაგერისა და ჩხოროწყუს სოფ.ხაბუმეს №3 საჯარო სკოლამ გაიყვეს, მათ 1000-1000 ლარი გადაეცათ.
ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2011 წლის 24-28 ოქტომბერს ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში სკოლებმა სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს და განახორციელეს, ღონისძიებებში I-XII კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. კვირეულის დასრულების შემდეგ თითოეული სკოლის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი დეტალური ანგარიშის საფუძველზე, სამინისტროში შექმნილმა კომისიამ საუკეთესოები გამოავლინა.
კვირეულის ფარგლებში სკოლებში ჩატარებული აქტივობების შეფასების კრიტერიუმები იყო: ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობა; ღონისძიებების მრავალფეროვნება; ღონისძიებების კრეატიულობა; მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა; წარმოდგენილი ანგარიშის გამართულობა და შესრულებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა (ვიდეო ან ფოტომასალა, თვალსაჩინოებები და სხვა).
ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული განსაკუთრებით ”ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ანალოგიურ კონკურსებს და სკოლებისა და მოსწავლეების წახალისებას.