საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ სანზონაში ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც ახალი პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი’’ მშენებლობა იწყება. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ძველი შენობის პირველი სიმბოლური დემონტაჟი თავად დედაქალაქის მერმა განახორციელა.
პროფესიულ განათლებაზე მოსახლეობის გაზრდილმა მოთხოვნამ დღის წესრიგში დააყენა სასწავლებლების რაოდენობის გაზრდა. დღეს დავით გურამიშვილის გზატკეცილზე საფუძველი კიდევ ერთი ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობას ჩაეყარა.
ახალი კოლეჯის მშენებლობა 2012 წლის სექტემბრისთვის დასრულდება და მსურველებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ 3 საფეხურს შესთავაზებს. კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. კეთილმოეწყობა კოლეჯის ეზო და აშენდება სახელოსნოები. კოლეჯი კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.
პროფესიული კოლეჯი შრომის ბაზრის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მსურველებს მომსახურების, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროებში არსებულ სპეციალობებს შესთავაზებს. კოლეჯი სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ შემდეგ პროგრამებს განახორციელებს: სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი; კალატოზი; მეფილე-მომპირკეთებელი; მებათქაშე; ელექტრიკოსი; მღებავი; დურგალი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; ძრავის შემკეთებელი; სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი; სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი; თექის ხელოსანი; შემდუღებელი; მეავეჯე; მზარეული.
პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს და ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე ადამიანური რესურსის განვითარებაზე.