საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შვეიცარიაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შვეიცარიის განათლების მინისტრთან მაურო დელ ამბროჯიოსთან და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან გაიმართა.
დიმიტრი შაშკინმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო, ქართული დელეგაცია კი, იმ პროექტებს გაეცნო, რომელსაც შვეიცარია განათლებისა და მეცნიერების განვითარების კუთხით ახორციელებს.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების გაფართოებაზე შეთანხმდნენ კერძოდ, ამოქმედდება მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ქართველ პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ მათი შვეიცარიელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარონ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების შემუშავების საკითხი. ასევე გადაწყდა, რომ მომავალ წელს შვეიცარიის განათლების მინისტრი ვიზიტით საქართველოში ჩამოვა რათა, კონკრეტულად დაიგეგმოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.