ახალგაზრდა მოხალისე მასწავლებელი ადგილობრივ ოჯახში ცხოვრობს და ქართული ენის დაუფლებაში 700-მდე აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეს ეხმარება. თეონა აბულაძემ ყარაჯალის საჯარო სკოლაში ქართული ენის კლუბი დაარსა და ყველა მსურველს, მათ შორის აბიტურიენტებსაც სახელმწიფო ენას ასწავლის. თეონა ჩართულია სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებში და ამით ცდილობს ქართველი და აზერბაიჯანელი თანატოლები დაამეგობროს.
თეონა აბულაძე სამართალმცოდნეა და ბაკალავრის ხარისხს ფლობს, მას დაგეგმილი აქვს ისარგებლოს შესაძლებლობით და სწავლა მაგისტრატურაში უკვე პედაგოგიკის განხრით გააგრძელოს.
პროგრამა ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” 2011 წლის სექტემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ამოქმედდა და იგი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებაზეა ორიენტირებული. პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში ქართულენოვანი პედაგოგების გაგზავნა. პროგრამაში უკვე ჩართულია 150 მონაწილე, სასწავლო წლის დასრულებამდე მათი რიცხვი 500-მდე გაიზრდება. მოხალისეები ქართული ენის გაკვეთილებზე ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მუშაობენ, თანამშრომლობენ სხვადასხვა საგნის პედაგოგებთან და გაკვეთილებს ბილინგვური მეთოდით ატარებენ.
პროგრამაში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. არაქართულენოვან სკოლაში ერთი აკადემიური წლის მუშაობის შემდეგ სამინისტრო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების მსურველებს 100%-იანი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით აფინანსებს. ამავდროულად, მონაწილეებს პროგრამაში ჩართვა პედაგოგად მუშაობის სტაჟში ეთვლებათ, შესაბამისად, საშუალება აქვთ სკოლაში მუშაობა მასწავლებლებად განაგრძონ და სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ.