საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის 173-ე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს მაია ქემოკლიძეს შობა მიულოცა და საჩუქრად პორტატული კომპიუტერი გადასცა.
მაია ქემოკლიძე იმ 20 წარმატებულ პედაგოგს შორისაა, რომლებსაც სამინისტრო რამდენიმე დღეში მეთოდურ სასწავლო სტაჟირებაზე ინგლისში, ნოტინგჰემის უნივერსიტეტში გაგზავნის. ახლაგაზრდა პედაგოგი 13 წელია 173-ე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ასწავლის, მისი გაკვეთილები გამორჩეულად საინტერესოა, განსაკუთრებული ენთუზიაზმით იგი პირველკლასელებთან მუშაობს.
მაია ქემოკლიძემ მოიძია და თავად შექმნა ელექტრონული გაკვეთილების სხავდასხვა ვერსიები, ამით მან კიდევ უფრო გაამდიდრა და საინტერესო გახადა სასწავლო პროცესი, მალე მის მიერ შექმნილი ელექტრონული გაკვეთილები ბუკებში ჩაიტვირთება და ყველა პირველკლასელისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მაია ქემოკლიძე ინდივიდუალურად უდგება თითოეულ მოსწავლეს და მის შესაძლებლობებს ითვალისწინებს, იგი აქტიურად თანამშრომლობს პირველკლასელთა მშობლებთანაც. მაია ქემოკლიძე ასევე წარმატებულად ასწავლის უფროსკლასელებს, თითოეული კლასისთვის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, შექმნილი აქვს სილაბუსები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განათლების სისტემაში მოღვაწე წარმატებულ ადამიანთა გამოვლენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, გამორჩეულ პედაგოგთა წარმოჩენა და სხადასხვა ფორმით მათი წახალისებაა.