საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ”კახეთის განვითარების პროექტის” ფარგლებში, გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მდებარე პროფესიულ კოლეჯში ”აისი” კონფერენცია გაიმართა, რომელზეც კახეთში ტურიზმის განვითარებისა და ამ პროცესში კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
კონფერენციაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია სიდამონიძე, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების წარმომადგენლები და ადგილობრივი დამსაქმებლები მონაწილეობდნენ.
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი ”აისი” საქართველოში ტურიზმის სფეროს კადრების მომზადების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, ”კახეთის განვითარების პროექტში” კოლეჯი აქტიურად ჩაერთვება და ყველა საჭირო პერსონალს ადგილზე, კახეთშივე გადაამზადებს.
კონფერენციის ფარგლებში, პროფესიული კოლეჯის ”აისი” სტუდენტებმა სტუმრებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს კოლეჯის ბაზაზე აგრო ტურიზმის მიმართულებით ცოცხალი პროცესი აჩვენეს.
კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი განთავსებულია სპეციალურ კომპლექსში, რომელსაც უკავია 12 ჰა ტერიტორია. აქვს რამდენიმე ძირითადი ნაგებობა: სასწავლო, საყოფაცხოვრებო და საერთო საცხოვრებლის კორპუსები, ავტოსარემონტო სახელოსნო და ღვინის სახლი, პრაქტიკული სწავლებისათვის მოწყობილი და აღჭურვილი სახელოსნოები.
კოლეჯში ტურიზმის განხრით არაერთი პროგრამა ხორციელდება: გიდი (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორი (აგრო-, ეკო-, და ა.შ. ოპერატორი), სასტუმრო საქმის მწარმოებელი, მზარეული, მიმღებ-რეცეფციონისტი და სხვა.
ამ ეტაპზე კოლეჯში 300 სტუდენტი იღებს პროფესიულ განათლებას. 200-მდე სტუდენტი სარგებლობს პროფესიულ კოლეჯის საერთო საცხოვრებლით, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულების დასაქმების სურვილს პარტნიორი კომპანიები ,,ავანგარდი”, ,,თელიანი ველი”, ,,შუხმან ვაინ ჯორჯია”, ,,საქართველო მარანი”, კორპორაცია ,,ქინძმარაული”, კაჭრეთში მდებარე სასტუმრო ”ამბასადორი”, ასევე კახეთის სხვადასხვა სასტუმროები გამოთქვამენ.