თბილისის №126 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
126-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც წელს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით ინფრასტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. სარემონტო სამუშაოები სკოლაში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ახალი სასწავლო წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა გასული საუკუნის 50-იან წლებში აგებულ შენობას დამატებითი გამაგრებითი სამუშაოები დასჭირდა. ამ მიზეზით, მიმდინარე სასწავლო წელი 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დროებით მეზობლად მდებარე 122-ე საჯარო სკოლაში დაიწყეს და სწავლის პროცესში ხელი არ შეშლიათ.
სკოლაში ამ ეტაპზე შენობის გამაგრებითი და სარემონტო სამუშაოები ერთდრულად მიმდინარეობს. მეორე სემესტრიდან 126-ე საჯარო სკოლაში სწავლა განახლდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, გაზაფხულზე გაგრძელდება და უკვე მომავალ სასწავლო წელს ამ სკოლის მოსწავლეები განახლებულ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებენ.
სკოლაში მოწესრიგდება სველი წერტილები, გარემონტდდება და შეიღებება შენობის ფასადი, ოთხივე სართულის დერეფნები, ფლიგელები, საკლასო ოთახები, დაიგება ახალი იატაკები, გამოიცვალება კარებები.