საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერების წესის შემოღება ვაუჩერული დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობას უკავშირდება, რომელიც როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გამორიცხავს. სამინისტროს მიზანია, თითოეული თეთრი, რომელიც ბავშვების განათლებისთვის არის გათვალისწინებული, მიზნობრივად დაიხარჯოს.
"ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ" მინისტრის ბრძანების თანახმად, თუ სკოლის მიერ მოსწავლის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გაფრთხილების მიუხედავად, მოსწავლე სკოლაში 6 თვის განმავლობაში არ ცხადდება, არ იღებს შეფასებას და არც ექსტერნად დარეგისტრირებულა, მას მოსწავლის სტატუსი შეუჩერდება.
მოსწავლეს სტატუსი მისთვის სასურველი დროის განმავლობაში შეუჩერდება. სტატუსის შეჩერებაც და აღდგენაც პირველივე განაცხადით მოხდება.