საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ ფოტო-კონკურსში ”ახალი წელი სკოლაში” გამარჯვებულები დააჯილდოვა. თბილისის №51, №24 და №10 საჯარო სკოლებს სამინისტროსგან საჩუქრად Smart-Board-ები გადაეცათ.
კონკურსი ”ახალი წელი სკოლაში” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 5 დეკემბერს მინისტრის, დიმიტრი შაშკინის Facebook-ის ოფიციალურ გვერდძე გამოაცხადა. 14 იანვარის ჩათვლით, მასში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყველა სკოლას ჰქონდა. კონკურსის მიზანი სკოლებში საახალწლო განწყობის შექმნა და ამ პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა იყო.
კონკურსის პირობების თანახმად, პირველი გამარჯვებული Like-ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა. მეორე და მესამე ადგილზე გასული სკოლები კი კომისიის მიერ დასახელდა. 15 660 Like-ით გამარჯვებული თბილისის №51 საჯარო სკოლა გახდა. კომისიამ კი №24 და №10 საჯარო სკოლები დაასახელა. კონკურსში მონაწილეობას 500-მდე სკოლა იღებდა. მათ მიერ წარმოდგენილი ფოტოები კი დაახლოებით 200 ათასზე მეტმა Facebook-ის მომხმარებელმა შეაფასა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის თითოელ სკოლას, მასწავლებელს, მოსწავლეს, მათ მშობლებსა და Facebook-ის ყველა იმ მომხმარებელს ვინც კონკურსში ჩაერთო. სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში მიმდინარე პროცესებში მთლიანად საზოგადოება მონაწილეობს. მომდევნო ფოტო-კონკურსი, რომელსაც სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს, კიდევ უფრო საინტერესო და სიურპრიზებით აღსავსე იქნება. სამინისტრო იმედოვნებს, რომ მოსწავლეთა ჩართულობა ახალ კონკურსშიც აქტიურად გაგრძელდება.