საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-4 დონის წიგნები თბილისის 104-ე სომხურენოვან სკოლას თავად გადასცა.
ქართული ენის სახელმძღვანელო მინისტრმა ბიბლიოთეკას უსახსოვრა და სკოლის პედაგოგებს შეხვდა. დიმიტრი შაშკინმა სახელმწიფო ენის ფლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ინტეგრაციისთის ქართული ენის ცოდნა აუცილებელია. ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოთი მოსწავლეებს ქართულ ენას დაჩქარებულად შეასწავლიან.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთის’’ ფარგლებში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებას გულისხმობს, ქართული ენის სახელმძღვანელო შეიქმნა. სახელმძღვანელო დონეების მიხედვითაა დაწერილი და თორმეტ დონეს მოიცვას. ამ ეტაპზე გამოცემულია სახელმძღვანელოს ოთხი დონე, წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს თორმეტივე დონე დაიბეჭდება.
ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნისა და მოსწავლის რვეულისგან შედგება, მას თან ახლავს აუდიო დისკიც, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებიცაა ჩატვირთული. ასევე შექმნილია მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევიც. სახელმძღვანელოები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფასოდ ურიგდებათ.