17.01.2012
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საუკუნის სამრეწველო დიზაინერი, საავტომობილო დიდების დარბაზის (Automotive Hall of Fame) წევრი იტალიელი ჯორჯეტო ჯუჯარო იმყოფება, რომელსაც დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცნობილი ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დიზაინის საერთაშორისო სკოლა ამოქმედდება, რომელიც ერთადერთი იქნება კავკასიის რეგიონში და ნიჭიერ ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებების დიზაინერებად მოამზადებს. სკოლას პატრონაჟს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის და პოპულარული მარკის ავტომობილების დიზაინერი ჯორჯეტო ჯუჯარო გაუწევს, სასწავლებელში ლექციებს შესაბამისი სფეროს წარმატებულ ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ჯუჯაროს სკოლის წარმომადგენლებიც წაუკითხავენ.
21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ახალი სკოლა საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებს დიზაინის შემდეგ მიმართულებებზე განახორციელებს - პროდუქტებისა და სამრეწველო დიზაინი, კომუნიკაცია, რეკლამა, ავეჯისა და ინტერიერის დიზაინი, სატრანსპორტო დიზაინი, გრაფიკული და დეკორაციული დიზაინი.
ახალი სკოლა იქნება შესანიშნავი შანსი ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და ჩამოყალიბდნენ მაღალი რანგის პროფესიონალებად. აღნიშნული სკოლის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი და ვიზუალური კომუნიკაციური უნარები, რაც მათ დაეხმარებათ მომავალ კოლეგებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან, საჯარო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობისას. სასწავლო პროგრამები სწორედ ამგვარ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.
დიზაინის საერთაშორისო სკოლაში ლექციებს საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები და ცნობილი დიზაინერები წაიკითხავენ. აღნიშნული ინიციატივა საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა და მრეწველობისა და ბიზნესის წრეებთან თანამშრომლობის განვითარება. საქართველოს წამყვან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე უცხოელ სპეციალისტებს მოიწვევს, საქართველოში ერთი მილიონი ლარი გადაეცემა.