საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ჭადრაკის დიდოსტატმა გარი კასპაროვმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი საქართველოში მოზარდთა ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განმავითარებელი სპორტის სახეობის - ჭადრაკის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. მემორანდუმის ხელმოწერამდე მინისტრმა და დიდოსტატმა ჭადრაკის ერთი პარტიაც ითამაშეს.
მემორანდუმის ფარგლებში მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე, ჭადრაკის ოსკარის მფლობელი გარი კასპაროვი საქართველოში ჭადრაკით დაინტერესებულ მოსწავლეებს სწავლების მისეულ პროგრამას შესთავაზებს. კასპაროვის მიერ შექმნილი პროგრამა გულისხმობს ჭადრაკის სწავლებას კომპიუტერული მეთოდით და საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ეს მეთოდი დაინერგება, ამის საშუალებას ის თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საინფორმაციო-ტექნოლოგიური აღჭურვილობა იძლევა, რაც საქართველოს სკოლებში არსებობს.
დიდოსტატი დარწმუნებულია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჭადრაკის დანერგვა სწავლის ხარისხს გააუმჯობესებს - ”როცა ბავშვის აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, მას სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს, რადგან ჭადრაკის თამაში ანალიზს მოითხოვს. გარდა ამისა, ის ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახება... ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება”.
გარი კასპაროვი ასევე მიიჩნევს, რომ ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება.
2010-2011
სასწავლო წლიდან სკოლებში სპორტის გაკვეთილები დაინერგა.
სპორტის
სახეობებს
სკოლები
სურვილისამებრ
ირჩევენ,
ამ სახეობებიდან
ჭადრაკი საქართველოს
800-ზე მეტ სკოლაში
არის არჩეული,
რაც სპორტის ამ
სახეობის აქტუალობაზე მეტყველებს.
Video