20.01.2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მეორე სასწავლო სემესტრის დაწყება და სწავლის განახლება კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მიულოცა და რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი დაათვალიერა. მინისტრი ასევე უფროსკლასელთა გაკვეთილს დაესწრო რომელიც ინტერაქტიული დაფის გამოყენებით ჩატარდა.
თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების ინფრასტრუქტურული ცვლილებები სკოლაში გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ზამთრის არდადეგებზე გაგრძელდა. ზაფხულის პერიოდში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლის საერთო საცხოვრებელს, სადაც რაიონებიდან ჩამოსული მოსწავლეები ცხოვრობენ გარემონტდა და შეიღება დერეფნები, ფლიგელები, დერეფნებში დაიგო ახალი იატაკი, გამოიცვალა ყველა კარები, გარემონტდა რამდენიმე საკლასო ოთახიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის გაზაფხულზეც გაგრძელდება, დასრულდება სკოლის შიდა და გარე პერიმერტრის მოწესრიგება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საკონფერენციო დარბაზს და უკვე მომავალი წლიდან კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა საერთაშორისო დონის სასკოლო ღონისძიებებს უმასპინძლებს.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სტატუსაღდგენილი კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები სწავლაში გამორჩეულად წარმატებულები არიან, ისინი მაღალი ქულებით იმარჯვებენ სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონკურსებში, ყველა საგანში მაღალი შედეგები აქვთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც. უკვე მომავალი სასწავლო წლიდან ამ სკოლის მოსწავლეები შესაფერის განახლებულ, თანამედროვედ აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.
Video