2011-2012 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა 200 ათასამდე მოსწავლე ჩაერთო. ოლიმპიადის პირველი ტური სკოლებში ჩატარდა. ამჯერად მეორე ტური მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში ფიზიკაში მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო. ფიზიკის ოლიმპიადაში სამ ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს მასშტაბით 2100–მდე მოსწავლე მონაწილეობს.
2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 15 იანვარს დაიწყო და მასში საქართველოს ყველა რაიონის 53 ათასამდე მოსწავლეა ჩართული. მეორე ტური უკვე გაიმართა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისთვის, უხცო ენები, ისტორია, მათემატიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია და ფიზიკა. მეორე ტური რამდენიმე დღეში ინფორმატიკის ოლიმპიადით დასრულდება.
ოლიმპიადის პირველი ტური სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული მასალით, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა და სკოლებმა ჩაატარეს,
ოლიმპიადა წელსაც ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე სამ ტურად ტარდება. დასკვნით ტურში გამარჯვებული ათი მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი გახდება და საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.
კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ორგანიზებას და ამით ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის სტიმულირებასა და ნიჭიერი, შრომისმოყვარე მოსწავლეების გამოვლენას.