26.01.2012
თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის ”მომავლის კლასში” გეოგრაფიის საჩვენებელი გაკვეთილი რუსთავის №24 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ჩატარდა. ინტერაქტიული გაკვეთილი კლასში დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართა და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
მრავალფუნქციურ მომავლის კლასში ნებისმიერი გაკვეთილი ინტერაქტიულ დაფაზე გამოტანილი თვალსაჩინოებების დახმარებით ტარდება. ის, რაც დაფაზე ხდება თითოეული მოსწავლის მონიტორზე აისახება, ყველა მათგანს საშუალება აქვს ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. როგორც მასწავლებელს ისე მოსწავლეს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს კომენტარები, კითხვები, შენიშვნები გაუგზავნონ. ასევე შესაძლებელია, როგორც ერთდროულად ყველა მოსწავლის მონიტორზე შესრულებული დავალების დაფაზე გამოტანა და საჯაროდ განხილვა, ისე ინდივიდუალურად თითოეულ მოსწავლესთან მუშაობა.
პრეზიდენტის ინიციატივით წარმატებული მომავლისთვის შექმნილ კლას-კაბინეტს ბევრი უნიკალური შესაძლებლობა აქვს. ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ამ კლასშია დამონტაჟებული წარმატებული მომავალი თაობის ჩამოყალიბებას ემსახურება და სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს ხდის. კლასში თავს კომფორტულად გრძნობენ როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში თითქმის ყველა საგნის გაკვეთილები ტარდება. სხვადასხვა საგნების სწავლებისას პედაგოგები აქტიურად იყენებენ ვირტუალურ ლაბორატორიებს. მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია და აუდიო სისტემა პრეზენტაციების მოწყობის საშუალებასაც იძლევა.
პირველი ექსპერიმენტული სკოლა სისტემატიურად მასპინძლობს სხვა სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს და მათთვის მრავალფუნქციური საკლასო ოთახში საჩვენებელ გაკვეთილებს აწყობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი უკვე გაიხსნა ყვარელშიც, პროცესი გრძელდება და უახლოეს მომავალში ანალოგიური მომავლის მრავალფუნქციური საკლასო ოთახები ყველა დიდი ქალაქის სკოლებში მოეწყობა.
Video