01.02.2012
საქართველოს სკოლების პირველი კლასის მასწავლებლები, რომლებიც ”ბუკის” გამოყენებით წარმართავენ სასწავლო პროცესს, კომპანია ”მაიკროსოფტ საქართველოს” მიერ ორგანიზებულ ინოვაციური პროექტების კონკურსში ”საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012)” მიიღებენ მონაწილეობას. დღეს, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, კომპანია ”მაიკროსოფტ საქართველოს” გენერალურმა მენეჯერმა დავით ასათიანმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა ბრიფინგი გამართეს.
კონკურსი დაფუძნებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების პროცესში ეფექტურ გამოყენებაზე და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვის გზით, განათლების ხარისხის გაუმჯობესება, ამასთანავე საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა და გაზიარება.
გამარჯვებული პროექტი მონაწილეობას ევროპის ფორუმში (Partners in Learning European Forum 2012) მიიღებს, რომელიც 20-22 მარტს ლისაბონში (პორტუგალია) გაიმართება, ევროპის ფორუმზე გამარჯვების შემთხვევაში, პროექტი ნომინირებული იქნება მსოფლიო ფორუმზე (Partners in Learning Global Forum 2012), რომელიც ოქტომბერში ათენში (საბერძნეთი) ჩატარდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ მასწავლებელს შეუძლია, რომელიც დაწყებითი საფეხურის I კლასში ასწავლის და სწავლების პროცესში ნეთბუკს “ბუკი” იყენებს (1:1 ელექრონული სწავლება). ინტეგრირებული სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკურსში იმავე კლასის სხვა მასწავლებლებსაც შეუძლიათ ჩართვა, თუკი გაკვეთილის/პროექტის განხორციელებაში 2 ან მეტი დისციპლინის ინტეგრირება იგულისხმება. პროექტს შესაძლოა ჰყავდეს არა უმეტეს ორი ავტორისა, თანამონაწილეების რაოდენობა შეუზღუდავია.
კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. გამარჯვებული 2 პროექტი, 4 მასწავლებელი და ორი ტრენერი ევროპის ფორუმზე გაემგზავრება. კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის ხილვა სამინისტროს (www.mes.gov.ge), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა (www.tpdc.ge) და ”მაიკროსოფტ საქართველოს” ვებგვერდებზეა (www. pilforum2012.k12.ge) შესაძლებელი.
კომპანია Microsoft-ი მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად ატარებს ნოვაციური პროექტების კონკურსს. ქართველი მასწავლებლები ევროპის ფორუმში წელს მესამედ მიიღებენ მონაწილეობას.
Video