ვრცელ ინტერვიუში მინისტრი თითქმის ყველა სიახლეს შეეხო, მათ შორის ისაუბრა ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად (TLG)”, რომლის ფარგლებშიც უკვე მეორე წელია საქართველოში ინგლისურენოვანი მასწავლებლები მოღვაწეობენ, პროექტი გრძელდება და წლის ბოლომდე 1500 მოხალისე პედაგოგი ჩამოვა; ინგლისური ენის სწავლება საქართველოს სკოლებში პირველი კლასიდან მიმდინარეობს, წარმატებული მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედებს; ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება უმაღლეს სასწავლებლებშიც; სკოლებში ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებით აღჭურვილი ბიბლიოთეკები იხსნება.
სკოლებში ფართოდ ინერგება მრავალკომპონენტიანი E-strategy (ელექტრონული სტრატეგია) და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება; უკვე გაიხსნა 4 და წლის ბოლომდე 100 ახალი ,,მომავლის კლასი” გაიხსნება; მიმდინარეობს სკოლების ,,ჭკვიანი დაფებით” (smart board) აღჭურვის პროცესი; იქმნება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და ყველა საგანში შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები ინერგება; 2011 წელს 60 000-მდე პირველკლასელმა და მათმა პედაგოგებმა სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებული კომპიუტერები ”ბუკები” მიიღეს, პროექტი 2012 წელსაც გაგრძელდება და ამდენივე პირველკლასელი მიიღებს საჩუქრად ნეთბუქს.
სახელმწიფოს მხრიდან მილიონობით ლარი იხარჯება სასკოლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე - 2011 წელს 350 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა; აშენდა 10 ახალი სკოლა, მასწავლებლის სახლი, საგამოცდო ცენტრი თბილისში, სამი პროფესიული კოლეჯი და საინფორმციო ცენტრები თბილისსა და ქუთაისში; სკოლები საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ახალი დაფებით, მერხებითა და სკამებით აღიჭურვა. 2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი, 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია. სკოლებს გადაეცემათ 100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი.
ეს არის არასრული ჩამონათვალი სიახლეებისა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ”Associated Press”-ის ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.