შეხვედრაზე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა და მეწარმე ფიზიკურმა პირებმა მზადყოფნა გამოთქვეს ჩაერთონ აღნიშნულ პროექტში და ვაკანტური ადგილების/პირობების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწოდონ.
სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში, 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ბაკალავრიატის ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. ახალგაზრდები სხვადასხვა ქვედა რგოლის სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. სულ შემოთავაზებული იქნება 70 სხვადასხვა სფერო, შესაბამისი ვაკანტური სამუშაო ადგილებით.
პროგრამა Summer Job გამიზნულია, ერთის მხრივ იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ხოლო, მეორეს მხრივ გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.
Video