21.02.2012
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პედაგოგებს ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ტრენინგები უფასოა და მათზე დასწრება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.
დღეს მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგს ზოგად უნარებში მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი დაესწრნენ.
პროფესიული უნარების ტრენინგზე თბილისის სხავადასხვა სკოლების მასწავლებლები სასწავლო პროცესის დაგეგმვას, კომუნიკაციის ეფექტურ მეთოდებს, მოსწავლეთა მოტივაციას, შეფასებას, ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კლასის მართვის პრინციპებსა და სხვა თემებს გადიან.
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია 13 თებერვალს გამოცხადდა და 23 მარტს დასრულდება. წელს პირველად სერტიფიცირების გავლას ხელოვნებისა და სპორტის პედაგოგებიც შეძლებენ. გარდა ამისა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად მინიმუმ ერთწლიანი სწავლების სტაჟი საჭირო აღარ არის. სერტიფიცირების გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.
Video