22.02.2012
”კავკასიის უნივერსიტეტის” 450 პირველკურსელს “თიბისი ბანკის” სათაო ოფისის საპრეზენტაციო დარბაზში, საზეიმო ვითარებაში ნეთბუქები გადაეცათ. კავკასიის უნივერსიტეტში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი ამ საჩუქარს უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად იღებს. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო და სტუდენტებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ.
კავკასიის უნივერსიტეტი 2004 წელს, კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაზაზე დაარსდა. კავკასიის ბიზნესის სკოლა 1998 წელს ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაფუძნდა. დღეისათვის კავკასიის უნივერსიტეტს 7 სკოლა აქვს: კავკასიის ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ტურიზმის.
2012-2013 სასწავლო წლისათვის კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მრავალ სიახლეს სთავაზობს: ბიზნესის სკოლას დაემატა ახალი სპეციალობა - საერთაშორისო ბიზნესი; მედიის სკოლას - აუდიოვიზუალური ხელოვნება; ტექნოლოგიების სკოლას - ტელეკომუნიკაცია; ჰუმანიტარულ მეცნიერებთა სკოლას - არქეოლოგიის, ფილოლოგიისა და ისტორიის მიმართულებები; ტურიზმის სკოლა კი წელს პირველად, ბათუმის გარდა მიღებას უკვე თბილისშიც აცხადებს.