მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები ყველა საგანში, მათ შორის საბუნებისმეტყველო საგნების ექსპერიმენტულ ნაწილშიც მიმდინარეობს. დღეს, ქიმიის პედაგოგთა ტრენინგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო.
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა ტრენინგები ექსპერიმენტურ ნაწილში მიზნად ისახავს მასწავლებელთა გადამზადებას, რათა მათ შეძლონ ”აინშტაინის ლაბორატორიის” გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვა. დარგის სპეციალისტები პედაგოგებს თანამედროვე დანადგარებთან და ისტრუმენტებთან მუშაობის მეთოდებს აცნობენ, ცდების და სხვადასხვა დაკვირვებების ჩატარების წესებს უხსნიან და თვალსაჩინოებების გამოყენებით, სამოდელო გაკვეთილებს ატარებინებენ.
წელს გამოცდებზე დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს აქვს. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა კი ასეთია: ხელფასზე დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით გაიზრდებათ.